მეგრული გუნდების დაპირისპირება, ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია -ამჯერადაც ჭყონდიდელთა და ოდიშელთა შეხვედრამ მოლოდინი სრულიად გაამართლა – თან ამ შეხვედრის დაძაბულობას სატურნირო მდგომარეობაც ქმნიდა.
საწყისი წუთები სტუმრებისთვის ჩინებული გამოდგა და უკვე ათწუთიანი ინტერვალში, ოდიშის გუნდი, მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა. 8-ე წუთზე, მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც თემურ კეპულაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. ორ წუთში კი, ზუგდიდელთა ახალწვეულმა გოლეადორმა, მიხეილ მიქელაძემ მეორედ დაამწუხრა მეტოქე და ანგარიში ორბურთიანი გახადა. გოლი ნამდვილად ეფექტური გამოდგა. ბესიკ შეროზიას შეგირდებისთვის, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლები სცენარის ასეთ წარმათვას არ დანებდნენ და მალევე სხვაობა შემცირდა.
ამჯერად სტუმართა კარის მიმართულებით დაინიშნა თერთმეტმეტრიანი და მასპინძელთაგან ცოტნე ფაცაცია იყო უშეცდომო -1:2.
ორთაბრძოლები გაგრძელდა და უკვე სტუმართაგან ნიკა ბაღიშვილმა ჩინებული სოლორეიდი განახორციელა და მიხეილ მიქელაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს ამჯერადაც დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. შეხვედრაში ამ გოლს კი, შესაძლოა მართლა გარდატეხის შეტანა მოეხდინა. პირველი ნახევრის მიწურულს კი, ჭყონდიდელებმა სტატუსქვო აღადგინეს და გატანილი გოლით თამაზ შარვაშიძე გამოირჩა.
მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი არ შეცვლილა და ორივე გუნდი უპირიატესობის მოპოვებას ცდილობდა. 64-ე წუთზე მასპინძელთა ვითარება დამძიმდა, როცა მოედნიდან მიხეილ რუხაია ორი ყვითელის გამო გააძევეს. აშკარა იყო სტუმრები კაცნაკლულ მეტოქეს უფრო შეუტევდნენ, თუმცა მეორე ნახევარში შედეგი არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ოდიშელები მეორე წრეს მარცხის გარეშე აგრძელებენ და უკვე მათ აქტივში, სამი თამაშიდან 7 ქულა არის. მომდევნო 19-ე ტურის მატჩს, ზუგდიდის „ოდიში 1919“, 6 სექტემბერს „განმუხური“-ს სტადიონზე გამართავს და ერთპიროვნულ ლიდერს, სართიჭალას „შტურმს“ შეხვდება.
და ბოლოს დანაკლისზეც ვთქვათ – ზუგდიდელთა რიგებს დღევანდელ შეხვედრაში მთავარი ძალა, გუნდი კაპიტანი შოთა ლომია (ოჯახური მდგომარეობის გამო) ვერ ეხმარებოდა, თუმცა ლიდერთან მატჩში კაპიტანი ზუგდიდელთა სასტარტოში იქნება.