ოდიშელთა ჩინებული სტარტი – ორი სამქულიანი
მეორე წრე ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა, ზედიზედ ორი საშინაო მატჩით განაახლა. წინა ტურში მათ ზესტაფონის „მარგვეთი 2006“ დაამარცხეს და ამჯერად მათ, მეორე იმერულ კლუბს, წყალტუბოს „სამგურალი 2“-ს სძლიეს.
მასპინძლებმა უმთავრესი საქმე შეხვედრის პირველ ნახევარში მოილიეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. შეხვედრის საწყის წუთებზე იმერელთა კარი, გიორგი ბოკუჩავამ ულამაზესი გოლით აიღო. ბოკუჩავას გოლი კი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ არ ვიქნებით გადაჭარბებული შეფასებაში -ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა.
მეორე გოლი მასპინძლებმა კონტრშეტევის შედეგად გაიტანეს. გუნდის კაპიტანმა, შოთა ლომიამ ზუსტი გადაცემით მიხეილ მიქელაძე პირისპირ გაიყვანა, ამ უკანასკნელმა შანსი ჩინებულად გამოიყენა და მეორედ შეარხია მეტოქის კარის ბადე.
პირველი ნახევრის მიწურულს ტყუპისცალი მომენტი განმეორდა – შოთა ლომია ისევე სიზუსტით გამოირჩა გადაცემისას და უკვე მიხეილ მიქელაძემ დუბლი გაიფორმა. როგორც ადრე აღვნიშნეთ ოდიშელთა რიგებში 9 ახალწვეული გამოჩნდა მეორე წრეში და ერთერთი გამორჩეული, მიხეილ მიქელაძეა – მან წინა ტურში ჰეთრიკი გაიფორმა, დღეს კი დუბლი მიითვალა-ჩინებული შედეგია.
მეორე ნახევარში სტუმრებმა სხხვაობა შეამცირეს და მასპინძელთა კარში ბურთი ბექარ ჩხაბერიძემ გაიტანა. მართალია სხვაობა შემცირდა, თუმცა ამან შედეგზე გავლენა ვერ იქონია-პირიქით ბესიკ შეროზიას შეგირდებმა, შეხვედრის დასრულებამდე მეოთხე გოლით წერტილი დასვეს – საბოლოო ანგარიში კი, ჩინებულ ფორმაში მყოფმა, მასპინძელთა კაპიტანმა შოთა ლომიამ დააფიქსირა, რომელმაც გოლამდე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ზედიზედ ორი მოგებით კი ზუგდიდელები ქულათა თანაფარდობით ყველა გუნდს მიახლოვდა, რომლებიც 8-ე პოზიციის ქვემოთ არიან.
მორიგი 18-ე ტურის შეხვედრას ზუგდიდელები, გასვლაზე მარტვილში გამართავენ და „მერანი 2“-ს, 30 აგვისტოს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელები დღეის მდგომარეობით, ოდიშელებს ერთი ქულით უსწრებენ.
Share

Leave a Reply