უკომპრომისო ბრძოლა, მარცხი მინიმალურით საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპს, ზუგდიდის „ოდიში 1919“ გამოეთიშა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ წილისყრამ თავიდანვე მათ, საკმაოდ რთული მეტოქე არგუნა, მიუხედავად ამისა ვერავინ იტყვის, რომ დღევანდელ შეხვედრაში მეტოქეს, იოლი გასეირნება ჰქონდა. ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა და უმაღლესი ლიგის საგზურის პრედენდენტმა, წყალტუბოს „სამგურალმა“, სათასო შეხვედრაში ოდიშელებთან, შემდეგ ეტაპზე გასვლა მძიმე ბრძოლის შედეგად მოიპოვეს. არავინ იცის შეხვედრის ბედი როგორ შეტრიალდებოდა, საწყის ეტაპზე მასპინძლებს შანსი რომ გამოეყენებინათ, როცა დიმიტრი თუთბერიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ამის შემდეგ სტუმრებმაც შექმნეს სახიფათო მომენტები და ზედიზედ ორჯერ,მასპინძელთა მეკარემ, მანუჩარ ივარდავამ დამაჯერებლად ითამაშა და ვითარება განმუხტა. უკომპრომისო ორთაბრძოლები კი გაგრძელდა, თუმცა გუნდები პირველ ტაიმში ერთმანეთს თანაბარი პოზიციით დასცილდნენ. მეორე ნახევარში ანალოგიური სათამაშო სცენარი გაგრძელდა და რანგით ქვედალიგელი ოდიშელები იოლად არაფერს თმობდნენ, თუმცა სტუმრებმა გამოცდილების კვალობაზე მაინც თავისი გაიტანეს. მეორე ნახევრის დასაწყისშივე, იმერლები გამოცდილმა გრიგოლ დოლიძემ დააწინაურა და ეს ერთადერთი გოლი მატჩის გადამწყვეტიც აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოსკენ, მასპინძლებს შანსი მიეცათ, შეხვედრა დამატებით დროზე გადაეყვანათ,მაგრამ ლაშა კუკავას დარტყმულმა მიზანს ვერ უწია. საბოლოოდ, წყალტუბოელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ რთული ორთაბრძოლის შედეგად. მასპინძელი გუნდი კი თავდაუზოგავი თამაშის გამო, საკუთარმა ქომაგმა ტაშით გააცილა. ამის შემდეგ ოდიშელები ისევ, ეროვნული ლიგა 4-ის ოფიციალური ტურებისთვის გადაერთვება. ზუგდიდელები მეორე ტურის მატჩს, საკუთარ სტადიონზე 4 სექტემბერს გამართავენ და ს.კ. „ბორჯომს“ უმასინძლებენ. დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპი „ოდიში 1919“ ზუგდიდი – „სამგურალი“ წყალტუბო – 0:1 ზუგდიდი, „განმუხური“-ს სტადიონი – 23 აგვისტო გოლი: გრიგოლ დოლიძე (50-ე წთ) „ოდიში 1919“: ივარდავა, კილასონია, გოგონაია, თურმანიძე, მალანია, გაბედავა, დანელია (სიჭინავა 67-ე წთ), ქომეთიანი (გაბეჩავა 75-ე წთ), წურწუმია (თოლორაია 80-ე წთ), თუთბერიძე, კუკავა სათადარიგო: ჩქვანავა, აბსანძე, ჭკადუა, ცინდელიანი მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია „სამგურალი“: ქურდაძე, ბანძელაძე, ასათიანი, ქურდაძე, გაზდელიანი, ისუფ ტურე, ფონიავა (კუჭუხიძე 80-ე წთ), კუხიანიძე, რაზმაძე, დოლიძე (ახვლედიანი 67-ე წთ), რაჟამაშვილი (ჩიხლაძე 46-ე წთ) სათადარიგო: მიშველიანი, ამბროლაძე, კიკაბიძე, ბურჯანაძე მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი გაფრთხილება: წურწუმია (51-ე წთ) მსაჯი: დავით სანოძე