ორი მატჩიდან ექვსი ქულა და ოდიში გალიდერდა
ეროვნულ ლიგა 4-ში მოასპარეზე გუნდებმა, დღეს მეორე ტურის შეხვედრები გამართეს. ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა ამ ტურში, განმუხურში მდებარე საფეხბურთო მოედანზე ს/კ „ბორჯომს“ უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
მასპინძლებმა საწყისი წუთებიდანვე უპირატესობა მოიპოვეს და პირველი რეალური მომენტი ბაკურ გაბედავამ შექმნა, როცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ. შემდეგ ლაშა კუკავამ არაერთი ხიფათი შექმნა, თუმცა გოლის გარეშე. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა, კარი მშრალად მაინც ვერ შეინარჩუნეს. გიორგი თურმანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ ხეირიანად ვერ მოიგერია და მასპინძლებმა ანგარიში, 45-ე წუთზე გახსნეს.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მალევე, ზუგდიდელთა თავდამსხმელმა ლაშა კუკავამ, ანგარიში ორამდე გაზარდა. მასპინძელთა შეტევები ამის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდა, მაგრამ სტუმრებმა მეტოქის მოდუნებით ისარგებლეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს, როცა სოსო მალანიამ შეხვედრის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე სხვაობა შეამცირა. ბორჯომელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და ზუსტად შვიდ წუთში, დიმიტრი თუთბერიძემ მესამედ აიღო მეტოქის კარი და სტატუსქვო აღადგინა.
ამით მასპინძლებმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს, თუმცა სტუმრებმა თამაშის მიწურულს კვლავ შეამცირეს სხვაობა და გატანილი გოლით ვაჟა მათიაშვილი გამოირჩა. თითქოს მცირეოდენი ინტრიგა კვლავ დაბრუნდა, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და ბესიკ შეროზიას შეგირდებმა, მეორე სამი ქულა ჩაიწერეს საკუთარ აქტივში. ამ მოგებით კი ზუგდიდელები, წითელ ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.
ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი, II ტური
„ოდიში 1919“ – „ბორჯომი“ – 3:2
ზუგდიდი, „განმუხური“-ს სტადიონი, 4 სექტემბერი
გოლი: თურმანიძე (45-ე წთ), კუკავა (58-ე წთ), მალანია (70-ე წთ), თუთბერიძე (77-ე წთ), მათიაშვილი (87-ე წთ)
„ოდიში 1919“: ივარდავა, კილასონია, გოგონაია, თურმანიძე, გაბედავა (ჭკადუა 72-ე წთ), მალანია, ქომეთიანი (თოლორაია 72-ე წთ), სიჭინავა, თუთბერიძე, წურწუმია (ცინდელიანი 90+2-ე წთ), კუკავა
სათადარიგო: ჩქვანავა, აბსანძე, ანთია, მიქავა
მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

„ბორჯომი“: ქუთათელაძე, მაღალდაძე, ბერაძე, მათიაშვილი, წივწივაძე, ახალაია (ციცვიძე 46-ე წთ), ფასანძე, მჭედლიშვილი, აბაკელია, კოკაია (მიქავა 60-ე წთ), დვალიშვილი (მალანია 46-ე წთ)
სათადარიგო: აბჟანდაძე, ძნელაშვილი, სადაღაშვილი, ცხოვრებაძე
მთ.მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
გაფრთხილება: დვალიშვილი (40-ე წთ), კუკავა (57-ე წთ), გაბედავა (72-ე წთ), თოლორაია (90+2-ე წთ)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

Share

Leave a Reply