საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ოდიში-1919”-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა
როგორც მოგახსენეთ, “დავით აბაშიძის” მწვანე საფარზე დღეს გასული ორივე კრებული ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს მონაწილე გახლავთ. კენჭისყრის შედეგად, ზესტაფონელებს “თეთრ ჯგუფში” უწევთ ასპარეზობა, ხოლო “ოდიში-1919”-ს ფორტუნამ “წითელი ჯგუფის” საგზური არგუნა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ უკანასკნელი ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სპეციალისტთა მიერ სწორედ ზუგდიდური კლუბი არის მიჩნეული…
დღევანდელი იმერულ-მეგრული დუელი დაძაბულად, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. შეხვედრის პირველ ნახევარში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და ტაიმი მოიგეს კიდეც ანგარიშით 2-0 (დუბლი გიორგი ხარშილაძის ანგარიშზეა). უნდა ითქვას ისიც, რომ ზესტაფონელი შემტევის გოლებს შორის, კარის აღების შანსი ზუგდიდელებსაც მიეცათ, თუმცა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გოლად ქცევის საშუალება სტუმრებს მასპინძელთა გოლკიპერმა ბაჩო მიქავამ არ მისცა….

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრები ისევ გააქტიურდნენ და მალევე კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა “ოდიშის” მცველ ლაშა გოგონაიას სიზუსტემ უმტყუნა. ზუგდიდელები ანგარიშის შეცვლას ამის შემდეგაც ლამობდნენ, თავადაც ბევრს აქტიურობდნენ და მასპინძელთა კონტრიერიშებიც ხშირად ეპარებოდათ. საბოლოოდ, მატჩის დასკვნით ნაწილში გუნდებმა გოლები გაცვალეს – თავიდან ბაჩო ბერაძემ იმერელთა უპირატესობა 3 ბურთამდე გაზარდა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი ლაშა გოგონაიამ თავის გოლი მაინც გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

Share

Leave a Reply