მეორე წრის მორიგ ტურში, ზუგდიდის „ოდიში 1919“, კვლავ დაუმარცხებელია და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მატჩში ცხრილის ლიდერთან, სამ ქულასაც იმსახურებდა. ვიდრე შეხვედრის დეტალებს შევეხებოდეთ აღვნიშნავთ, რომ 9 ახალწვეულით გაძლიერებული ოდიშელთა რიგები საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს -თამამად შეიძლება თქმა იმისა, რომ პირველ წრეში ამ შემადგენლობით ლიდერთა სამეულისთვის ბრძოლა შეიძლებოდა.
სათამაშო სცენარი მასპინძელთა აქტიურობით წარიმართა პირველივე წუთებიდან და უკვე დასაწყისშივე, ოდიშელებს დაწინაურებაც მართებდათ, როცა პირისპირ მიხეილ მიქელაძე გავიდა და მას მეკარემ დაასწრო. ამის შემდეგ კი, თემურ კეპულაძემ სცადა ახლო მანძილიდან შედეგის შეცვლა, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და მიზანს ააცილა.
სტუმრებმა, როგორც ადრე აღვნიშნავდით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ და მორიგი სამი ქულისთვის შეტევები გააძლიერეს. ნიკა გაბელიას დარტყმული, მანუჩარ ივარდავამ მოიგერია. შეხვედრის 22-ე წუთზე კი, მასპინძელთა უკანა ხაზზე შეუთანხმებელი თამაშის შედეგად გიორგი გვასალიამ „შტურმი“ დააწინაურა.
სტუმართა სიხარულს მალევე მასპინძლებმა ცივი წყალი გადაასხეს, როცა გაშვებული გოლიდან 6 წუთში უპასუხეს -თემურ კეპულაძის გოლი კი მართლაც ულამაზესი გამოდგა, მან საჯარიმოს გარედან ცაციათი ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
ამის შემდეგ ზუგდიდელებს რეალური შანსი მიეცათ და გოლიც გარდაუვალი ჩანდა-კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად, დავით გოგოხიამ მარცხენა ფლანგიდან მწვავედ შეუტია და ჩინებული გადაცემა გააკეთა კარის გასწვრივ, თუმცა მიქელაძე ბურთს ვერ შეეხო, არადა კარი ცარიელი იყო.
მეორე ნახევარში ორთაბრძოლები გაგრძელდა და უკვე ბურთზე კონტროლი, გარკვეულ ინტერვალში სტუმრების მხარეს იყო. მიუხედავად ამისა საგოლე მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როცა თორნიკე დევიძის დარტყმული სტუმართა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მალევე მიხეილ მიქელაძემ, მოედნის ცენტრში, ბურთი წაართვა მეტოქეს და შორეული მანძილიდან კარისკენ გადაგზავნა, მეკარეც გამოსული იყო, მაგრამ ბურთმა ზედა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ, შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა და მოედანზე მალხაზ ჯიგანია გამოიყვანა.
სტუმართა მხრიდან კი ბერიკა ბარბაქაძემ სცადა ვითარების შეცვლა და მანუჩარ ივარდავამ ზუსტად ითამაშა. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მორიგი 21-ე ტურის შეხვედრა კი მორიგი მეგრული დერბია – ზუგდიდელები 13 სექტემბერს ჩხროწყუს „სამეგრელო“-ს გასვლაზე შეხვდებიან.
Share

Leave a Reply