„ოდიში 1919“-მა წარმატებული სერია ქუთაისშიც წარმატებით გააგრძელა-ოთხიდან 10 ქულა
მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 4-ის, თეთრ ჯგუფში მეოთხე ტურის შეხვედრები იწურება და მკვეთრი კონტურებიც იკვეთება სატურნირო ცხრილში. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ლიგაში სეზონის ბოლომდე ზედა საფეხურზე უშეღავათო ბრძოლები იქნება.
წარმატებათა სერია, ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა, ქუთაისში, „ტორპედო 2“-ის წინააღმდეგ ჩინებულად გააგრძელა და ქუთათურებთან, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. მოსალოდნელიც იყო, წარმატებისთვის ორივე გუნდი მაქსიმუმს გაიღებდა და ორთაბრძოლებიც უშეღავათო იყო. პირველი სახიფათო მომენტი დიმიტრი თუთბერიძემ შექმნა, თუმცა მას მასპინძელთა მეკარემ აჯობა. იმერლებმა მალევე მწვავედ უპასუხეს და ეს მომენტიც გოლის გარეშე დასრულდა. ორმხრივი მწვავე იერიშების მიუხედავად, გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. მანამდე სტუმართა გუნდის კაპიტანი, შოთა ლომია დაშავდა და მოედნის დატოვებამ მოუწია. მის ნაცვლად შახი თოლორაია შემოვიდა და მალევე, მან სტუმრები დააწინაურა – გატანილი გოლით კი, ზუგდიდელები შესვენებაზე კარგ გაწყობაზე გაიყვანა.
ბესიკ შეროზიას დამოძღვრილმა გუნდმა, პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობის განმტკიცება საწყის წუთებიდანვე სცადა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში სახიფათო მომენტი ქუთათურებმა შექმნეს, მაგრამ სტუმართა მეკარემ, მანუჩარ ივარდავამ ივარგა და მეტოქეს არ გაატანინა. 60-ე წუთზე, ზუგდიდელთა შეტევა შედეგიანად, დიმიტრი თუთბერიძემ დაასრულა და უპირატესობა ორბურთიანი გახადა. თუთბერიძემ გატანილი გოლით, მოგება თითქმის ფაქტობრივი გახადა. წერტილის დასმა დავით ციცხვაის შეეძლო, თუმცა მან მცირედით ააცილა.
შეხვედრის ბოლოსკენ იმერლებმა სხვაობა შეამცირეს და დარჩენილ დროში თამაშსაც ინტრიგა დაუბრუნეს. ინტრიგა ერთია და ბოლო წუთებზე მასპინძელთა მხრიდან უხეშობამაც იმატა. 90-ე წუთზე ქულის გადარჩენასთან ახლოს იყვნენ ქუთაისელები, მაგრამ ისევ ივარდავამ ითამაშა ზუსტად, ხოლო დამატებულ წუთებზე მასპინძელთა უხეში თამაშის გამო, ზუგდიდელთა მცველმა ზურაბ მალანიამ მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და სამწუხაროდ ზუგდიდელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს გამოტოვებს. საბოლოოდ ოდიშელებმა შეხვედრა ლოგიკურად დაასრულეს და მეოთხე ტურშიც სამი ქულა მოიპოვეს. ამ ჯერზე ზუგდიდელები პირველ საფეხურზე გადავიდნენ, თუმცა დარჩენილია მეოთხე ტურის სამი მატჩი, რომელიც ხვალ გაიმართება და ცხრილშიც პოზიციები დალაგდება, თუმცა ლიდერთა სამეული ქულათა თანაფარდობა ძალიან მიზერულია.
მომავალ მეხუთე ტურის შეხვედრა, „ოდიში 1919“ უკვე საკუთარ სტადიონზე გამართავს და 29 აპრილს „შტურმს“ უმასპინძლებს. ეს თამაში „განმუხური“-ს სტადიონზე გაიმართება და ბუნებრივია, მასპინძლებისთვის აღნიშნულ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
ეროვნული ლიგა 4 – თეთრი ჯგუფი – IV ტური
„ტორპედო 2“-„ოდიში 1919“-1:2
ქუთაისი, „ტორპედო“-ს ბაზა – 20 აპრილი
გოლი: შახი თოლორაია (45+2-ე წთ), დიმიტრი თუთბერიძე (60-ე წთ), ლაშა-გიორგი ობოლაძე (81-ე წთ)