„პიერო“-ს ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში…
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“ -ის ინიციატივით, ამავე კლუბში არსებული, ბავშვთა ასაკობრივი გუნდების (U-11, U-12 და U-13) მონაწილეობით, ახალგაზრდა ზუგდიდელის, აწგარდაცვლილი ზუკა კოკაიას (იგივე „პიერო“)-ს სახელობის ბავშვთა ტურნირი მინი-ფეხბურთში პირველად ჩატარდა.
ვინაიდან, კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ამ ტურნირს საფუძველი პირველად ჩაეყარა და სპორტული შეჯიბრში მონაწილეობა, როგორც აღვნიშნეთ მხოლოდ ამავე გუნდის აღსაზრდელები იღებდნენ, ტურნირი უფრო მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მონაწილე გუნდებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივით სამომავლოდ აღნიშნული ტურნირი, განსხვავებულად სხვა ფორმატს შეიძენს და ასპარეზობაში სხვა კლუბის ასაკობრივი გუნდებიც ჩაერთვებიან.
„ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ“- ეს ზუკა კოკაიას სიტყვებია -სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე 5 წლის წინ, 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა, არადა ამ მოკლე პერიოდში მან სხვადასხვა სფეროში მოსინჯა ძალები და ნიჭიერ ახალგაზრდას, ძალიან ბევრი რამ აუსრულებელი დარჩა – ფეხბურთის თამაში კი ზუგდიდში, ზაურ ბულიასთან დაიწყო და იყო „ოლიმპი“-ს გუნდის რიგებში (იგი, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი და ალესანდრო დელ პიეროს ფანი იყო, რის გამოც მეგობრებმა მეტსახელად „პიერო“ შეარქვეს).
საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ კი, „პიერო“-ს სახელობის ბავშვთა ტურნირს ტრადიციულს გახდის და სპორტული ასპარეზობა, ყოველი წლის სექტემბერში ჩატარდება.