⚽️ ოდიშელთა თოთხმეტწლამდე გუნდმა, წინა ტურში მარტვილელებთან წაფორხილების მიუხედავად, მოგებათა სერია ისევ გააგრძელა. მერვე ტურის შეხვედრა მეგრული გუნდების დაპირისპირება გახლდათ. ისინი, ფოთის საფეხბურთო სკოლას გასვლაზე დაუპირისპირდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ფაზისელები ლიდერობისთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი მებრძოლი გუნდია. ოდიშელებმა რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ წააგეს, დანარჩენი მატჩები საქმულიანით დაასრულეს.
⚽️ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში, ნიკოლოზ ჩარტიამ გახსნა, რომელმაც ოთო თორდიას კუთხურის შემდეგ ბურთი მეტოქის კარში ზუსტად გადაგზავნა -0:1.
⚽️ მეორე ტაიმის დასაწყისიდან მალევე, ნიკოლოზ ტუღუშმა ოდიშელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ფაზისელებმა ამის შემდეგ შესძლეს კორექტივების შეტანა და პენალტის ნიშნულიდან მათ სხვაობა შეამცირეს. თითქოს ინტრიგა დაბრუნდა, მაგრამ ირაკლი ბელქანიამ, რომელმაც ჩინებული ფლანგური გარღვევა შემოგვთავაზა მესამედ აიღო ზღვისპირელთა კარი. ოდიშელთა უპირატესობა ამით არ დასრულებულა – ოთო თორდიამ, რომელმაც პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად პენალტის დარტყმის უფლება თვითონ მოიპოვა და გოლიც თვითონ გაიტანა. ფაზისელებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ქულის გადასარჩენად ეს საკმარისი არ იყო.
⚽️ გოლების ავტორების გარდა, ოდიშელთა მხრიდან აღსანიშნავია გიგა ნაყოფიას ნაყოფიერი თამაში. მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრას ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები 23 მაისს გამართავენ და რუხის ტექნიკურ ცენტრში, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლებენ.
Share

Leave a Reply