დრამატული ბოლო წუთები და გიორგი ციმაკურიძის ქულა
მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა დღეს, ეროვნულ ლიგა 4-ში, თეთრ ჯგუფში მოასპარეზე გუნდებს შორის და ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა, გასვლითი შეხვედრა გამართა, თბილისის „ვიტ ჯორჯია 2“-თან.
შეხვედრის პირველ ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და შეიძლება ითქვას, პირველი ნახევარი ამ სათამაშო სცენარით მიილია, თუმცა გუნდებმა მეტ-ნაკლებად ორ-ორი დასამახსოვრებელი საგოლე მომენტები შექმნეს. სტუმართაგან დიმიტრი თუთბერიძემ, ითამაშა კარგად და მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, წამიერად დაახანა და კარში დარტყმა აღარ გამოუვიდა. არადა რეალური მომენტი თვითონ შექმნა. შემდეგ ჯერზე, უკვე მასპინძლებმა უპასუხეს შექმნილ ხიფათს და მათ, ზედიზედ ორჯერ მიეცათ მომენტი თუმცა უშედეგოდ. პირველი ნახევრის მიწურულს კი, ზუგდიდელებმა სცადეს ვითარების შეცვლა, მაგრამ ამ მცდელობამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მეორე ნახევრის გარკვეულ ინტერვალში, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სტუმართა კონტრშეტევებიც ძალიან სახიფათო იყო. სათამაშო სცენარი ისე მიმდინარეობდა, რომ თითქოს ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა თამაშის ბედი და დრამატული წუთები, სწორედ შეხვედრის ბოლოსკენ შეიქმნა.
შეხვედრის 85-ე წუთზე, ბექა ფილფანმა ვეტერინარები დააწინაურა და მასპინძელთა გუნდს, სამი ქულაც უნდა ჩაეწერა აქტივში, მაგრამ ოდიშელთა შეუპვრობაც ბოლო წუთებზე გამოჩნდა. შეხვედრის ბოლოსკენ, სტუმრებმა სახიფათოდ შეუტიეს და ზედიზედ ორჯერ, კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. შოთა ლომიამ კუთხურიდან ბურთი, მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდა, ყველაზე ჩინებულად ვითარებაში გიორგი ციმაკურიძე გაერკვია და მან, მეტოქეს გამთანაბრებელი გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ოდიშელებმა, ახალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაიწყეს და წინა ტურში, ჩხოროწყუს „სამეგრელო“ , დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხეს.
მომდევნო მესამე ტურის მატჩს, ზუგდიდის „ოდიში 1919“, საკუთარ მოედანზე გამართავს და 14 აპრილს, ხელვაჩაურის „მაჭახელა“-ს უმასპინძლებს.
ეროვნული ლიგა 4 – თეთრი ჯგუფი
„ვიტ ჯორჯია 2“ – „ოდიში 1919“ – 1:1
ქ. მცხეთა, „მცხეთა პარკი“ -6 აპრილი
გოლი: ბექა ფილფანი (85-ე წთ), გიორგი ციმაკურიძე (90+2-ე წთ)

Share

Leave a Reply