დასანანი მარცხი

მეოთხე ტურის შეხვედრები გამართეს, ეროვნული ლიგა 4-ის გუნდებმა და წითელ ჯგუფში, ცხრილში გადაადგილებები მოხდა. სამწუხაროდ, ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა, რომელიც დღემდე ერთპიროვნული ლიდერი იყო, დასანანი მარცხი იწვნია საკუთარ სტადიონზე, თბილისის „დიდუბე 2014“-თან.

პირველ ტაიმში, გუნდებმა მთლიანობაში ორთაბრძოლებით დაგვამახსოვრეს თავი და საგოლე მომენტები არც ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მასპინძლების მიერ შექმნილ ხიფათს ბოლო წუთებზე – ზუგდიდელთაგან, ლაშა კუკავას თავური, მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს და სტუმრები ტაიმის მიწურულს აშკარა გოლს გადაურჩნენ.

მეორე ნახევარი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინლებმა რიხიანად დაიწყეს და შეტევებიც გახშირდა, თუმცა სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის 58-ე წუთზე მათ, სტანდარტულიდან ანგარიშის გახსნა შესძლეს. გოლი კი, გურამ ივანელაშვილმა გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლებმა ზეწოლა უფრო გააძლიერეს და აქცენტი მთლიანად შეტევებზე გააკეთეს – თითქოს გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კუკავა-თუთბერიძის მცდელობები კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მასპინძლები ქულების დაკარგვას არ ეგუებოდნენ და კვლავ ლაშა კუკავამ სცადა, თამაშში გარდატეხის შეტანა, თუმცა გოლის რეალიზება ვერ მოხერხდა.

შეტევებში გადართულ მასპინძლებს, კონტრშეტევა გამოეპარათ და მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში-გატანილი გოლით, ილია გორდაძე გამოირჩა. ამან კი, ზუგდიდელებს, სიტუაცია გაურთულა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს. გოლი მეტოქის კარში, ლაშა კუკავამ გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

გამომდინარე იქედან, რომ სათამაშო დრო მცირედი იყო, მასპინძლებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და ლაშა კუკავას, მალევე წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა მეკარემ ივარგა. ცოტა ხანში შეცვლაზე შემოსულ შახი თოლორაიას დარტყმული მცირედით ასცდა, ხოლო ბოლო წუთებზე კი სტუმრები კვლავ გადაურჩნენ აშკარა გოლს, როცა ლევან წურწუმიას დარტყმული ბურთი ძელმა უკუაგდო. საბოლოოდ დედაქალაქელებმა, თამაში 2:1 მოიგეს და მეოთხე ადგილზე აღზევდნენ. ზუგდიდელები კი, მესამე პოზიციაზე იმყოფებიან 7 ქულით-ამდენივე ქულით მეორე ადგილზეა ხონის „იმერეთი“, ხოლო პირველადგილოსან ჭიათურის „მაღაროელს“ 8 ქულა აქვს. ქულათა თანაფარდობა იმდენად მიზერულია, რომ ცვლილება ნებისმიერ ტურშია მოსალოდნელი.

მომდევნო ტურის შეხვედრას, ზუგდიდის „ოდიში 1919“, 25 სექტემბერს გასვლაზე გამართავს და ჩხოროწყუს „სამეგრელო“-ს შეხვდება.

ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი – IV ტური

„ოდიში 1919“ – „დიდუბე 2014“ – 1:2

ზუგდიდი, „განმუხური“-ს სტადიონი, 18 სექტემბერი

გოლი: ივანელაშვილი (58-ე წთ), გორდაძე (73-ე წთ)
„ოდიში 1919“: ივარდავა, კილასონია, გოგონაია, თურმანიძე, ჭკადუა (გაბეჩავა 46-ე წთ), გაბედავა (თოლორაია 64-ე წთ), თუთბერიძე ქომეთიანი, კუკავა, მალანია, წურწუმია

სათადარიგო შემადგენლობა: ჩქვანავა, მიქავა, დანელია, ცინდელიანი, სიჭინავა

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

„დიდუბე 2014“: გაბუნია, გორდაძე, ივანელაშვილი, ბაჯელიძე, ამაღლობელი, ცერექაშვილი წოწკოლაური (კაკაბაძე (49-ე წთ), გუჯაბიძე, ლაშხი, მიქავა, ამანათიძე

სათადარიგო შემადგენლობა: გასიტაშვილი, ონიანი, საჯაია

მთ. მწვრთნელი: ლაშა მიმინოშვილი

გაფრთხილება: გოგონაია (56-ე წთ), ბაჯელიძე (67-ე წთ), ამანათიძე (82-ე წთ), თოლორაია (84-ე წთ), ივანელაშვილი (89-ე წთ), გაბუნია (90+6-ე წთ)

მსაჯი: ბექა კუნჭულია

Leave a Reply