დასანანი მარცხი იბერიასთან
წინა ტურში ოდიშელთა სამქულიანი მატჩის შემდეგ, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, თბილისის „დინამო 2“-თან, მეცხრე ტურის საშინაო შეხვედრა ს.კ.“იბერია“-ს წინააღმდეგ, სამწუხაროდ ანალოგიური გაგრძელება არ მოჰყვა, თუმცა სათამაშო სცენარიდან გამომდინარე მასპინძლებს ამის რეალური შანსი ჰქონდათ. შეხვედრის ბედი, მატჩის საწის წუთებში გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა -სტუმრებმა მეცხრე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნეს და გოლი, ვალერი ქელდიშვილმა გაიტანა.
გაშვებული გოლის შემდეგ, მეტოქის კარს ჯერ დავით ციცხვაია დაემუქრა, ხოლო შემდეგ დიმიტრი თუთბერიძემ შექმნა ხიფათი, თუმცა ორივე მომენტი გოლის გარეშე დასრულდა.
მეორე ნახევარიც ორთაბრძოლებით განახლდა და ასეც გაგრძელდა, მაგრამ საგოლე ეპიზოდების სიმრავლე არ ყოფილა. შეხვედრაში ქულის გადარჩენა ბოლო წუთებზე, ზუგდიდელთაგან, გიორგი ციმაკურიძეს შეეძლო, მაგრამ მისი თავურის შემდეგ, ბურთი მცირედით ასცდა სტუმართა კარის ჩარჩოს. საბოლოოდ, ოდიშელები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება.
მომდევნო მეათე ტურის შეხვედრას, „ოდიში 1919“ ზუგდიდი, გასვლაზე 2 ივნისს გამართავს და ცხრილის აუტსაიდერს, ჩხოროწყუს „სამეგრელო“-ს შეხვდება.
ეროვნული ლიგა 4 – თეთრი ჯგუფი, IX ტური
„ოდიში 1919“ – „იბერია“-0:1
ზუგდიდი, „განმუხური“-ს სტადიონი, 27 მაისი
გოლი: ვალერი ქელდიშვილი (9-ე წთ)

Leave a Reply