ოდიშელთა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა და პირველი მარცხი „დინამო 2“ თბილისს
ეროვნული ლიგა 4-ის თეთრ ჯგუფში, მერვე ტურის ერთადერთი შეხვედრა გაიმართა დღეს და შეიძლება ითქვას, ტურის გამორჩეული მატჩი. ცხრილის ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის „დინამო 2“, -მა დინამოს აკადემიის სტადიონზე, ერთ-ერთ ლიდერს ზუგდიდის „ოდიში 1919“ უმასპინძლა. უნდა აღინიშნოს, რომ დინამოელებს დღემდე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდათ.
ოდიშელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ლიდერთან შეხვედრაში თავიდანვე ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, თუმცა სტუმართა გუნდი მწვავე შეტევებს ინტენსიურად ახორციელებდა, რაც ანგარიშშიც აისახა. საწყისი წუთები კი, სტუმრებისთვის ჩინებულად წარიმართა. მატჩის 6-ე წუთზე დედაქალაქელთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. სტუმართა გუნდის კაპიტანმა, შოთა ლომიამ სტანდარტულიდან ბურთი ზუსტად გადაგზავნა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა, არასასიამოვნო დასაწყისის შემდეგ მეტოქის მეორე ნახევარზე გადაიტანეს თამაში, მაგრამ პირველი ნახევარი ოდიშელთათვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. თბილისელთა მცდელობას ტაიმის ბოლოს, თითქოს წონასწორობა უნდა აღედგინა, მაგრამ მეტოქე ფეხბურთელის სახიფათო თავურს, სტუმართა მეკარემ, მანუჩარ ივარდავამ სიზუსტით უპასუხა და კარიც მშრალად შეინარჩუნა.
მეორე ნახევრიდან, ლიდერთა მხრიდან შეტევების გაძლიერება მოსალოდნელი იყო და დინამოელებმა, სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი, თუმცა მალევე მეორე ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. გოლის ავტორმა შოთა ლომიამ, ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა-მან მეკარესთან პირისპირ დიმიტრი თუთბერიძე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც, შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე გატანილი გოლიდან, დიდი დრო არც იყო გასული და უკვე მეორე გოლის ავტორის, დიმიტრი თუთბერიძის ზუსტი პასით, ლაშა კუკავამ მესამედ დაამწუხრა მეტოქე. გოლის გატანამდე ერთი წუთით ადრე, კი სტუმართა რიგებს გუნდის კაპიტანი, შოთა ლომია მცირე ტრავმის გამო გამოაკლდა. გამოცდილი ფეხბურთელის არყოფნამ ბოლო წუთებში თავი იჩინა.
ემოციურად მართლაც დატვირთული იყო აღნიშნული შეხვედრა და სამი უპასუხო გოლი, თითქოს ინტრიგას არც მოასწავებდა, მაგრამ ორ წუთში მასპინძლებმა სხვაობის შემცირება შეძლეს და გოლი, ნოდარ ლომინაძემ გაიტანა. ამან შეხვედრა, კიდევ უფრო დაძაბული გახადა, მაგრამ მანამდე სტუმრები მთავარ არბიტრს, გოლის ავტორზე მიანიშნებდნენ, რომ იგი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სხვაობის შემცირებამ მასპინძლებს იმედი დაუბრუნა და გარკვეულ ინტერვალში ისინი, ბურთსაც აკონტროლებდნენ, თუმცა ბესიკ შეროზიას ფეხბურთელები ტაქტიკურად სწორად თამაშობდნენ. შეხვედრას ინტრიგა ბოლოსკენ მიეცა, როცა მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს და დარჩენილ დროში, ქულის გადარჩენისთვის გაიბრძოლეს. მეორე ბურთი ნიკოლოზ უგრეხელიძემ 85-ე წუთზე გაიტანა.
ბოლო წუთები მართალია, დაძაბული გამოდგა, თუმცა სტუმრებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და ლიდერთან, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს. ამ მოგებით მათ, „დინამო 2“-თან ქულათა თანაფარდობა ოთხამდე დაიყვანეს და ლიდერთა სამეულში ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცეს. მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრას, „ოდიში 1919“ საკუთარ სტადიონზე გამართავს და 27 მაისს, „განმუხური“-ს სტადიონზე „იბერია“-ს უმასპინძლებს.
ეროვნული ლიგა 4-თეთრი ჯგუფი -VIII ტური
„დინამო 2“-„ოდიში 1919“-2:3
თბილისი, „დინამო“-ს აკადემია, 15 მაისი
გოლი: შოთა ლომია (6-ე წთ), დიმიტრი თუთბერიძე (58-ე წთ), ლაშა კუკავა (65-ე წთ), ნოდარ ლომინაძე (67-ე წთ), ნიკოლოზ უგრეხელიძე (85-ე წ)
„დინამო 2“: ხარშილაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშივილი (ლომინაძე 59-ე წთ), ჟივიძე (სიხარულაშვილი 46-ე წთ), ჩხეტიანი (ხინჩიაშვილი 70-ე წთ), ზურაბიანი (გრძელიძე 70-ე წთ), მოისწრაფიშვილი, გვიშიანი (ორშულა 46-ე წთ), მაისურაძე
სათადარიგო: ბერუაშვილი, ბლიაძე, მირზიკაშვილი, ქოქოსაძე
მთ.მწვრთნელი: ვლადიმერ კაკაშვილი
„ოდიში 1919“: ივარდავა, აქუბარდია, ციმაკურიძე, გოგოხია, რიგვავა, ქომეთიანი, დანელია, ლომია (გაგუა 64-ე წთ), თუთბერიძე, ციცხვაია (თოლორაია 72-ე წთ), კუკავა (ნადარაია 83-ე წთ)
სათადარიგო: მარგველანი, ჩქოფოია, ცინდელიანი, ჯგუნჯგია
მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: უგრეხელიძე (6-ე წთ), ქომეთიანი (45+2-ე წთ), ივარდავა (67-ე წთ), რიგვავა (86-ე წთ), სიხარულაშვილი (90+4-ე წთ)
მსაჯი: ბორის გლუშჩუკი

Leave a Reply