წაუგებელი სერია გრძელდება და ოდიშელთა სრული სვლა -„ოდიში 1919“-„შტურმი“ -1:0
ეროვნული ლიგა 4-ის თეთრ ჯგუფში, სატურნირო ცხრილში მეხუთე ტურის შემდეგ, ორი გუნდია, რომელსაც წაგება არა აქვს. გათამაშების ლიდერი თბილისის „დინამო 2“ და მეორე ადგილოსანი ზუგდიდის „ოდიში 1919“. ამ ჯგუფში ყოველი ტურის შემდეგ, საინტერესო ვითარებაა -ზუგდიდელებმა დღეს ს.კ. „შტურმს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, რითაც ცხრილში 13 ქულა დააგროვეს და „დინამო 2“-თან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, ხოლო უშუალო მდევარს „ზესტაფონს“, 3 ქულით გადაასწრეს.
დღევანდელ შეხვედრაში, პროგრამა მაქსიმუმი მხოლოდ სამი ქულა იყო და ოდიშელებმა ეს ბარიერი წარმატებით დაძლიეს. პირველი ტაიმი შეიძლება ითქვას, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტებიც ბევრი იყო, თუმცა სტუმართა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ ორთაბრძოლის ხარჯზე მათ, პირველ ნახევარში კარის მშრალად შენარჩუნება შეძლეს.
პირველი საგოლე მომენტი გიორგი ციმაკურიძემ შექმნა, თუმცა დაბოლოოება ზუსტი არ გამოუვიდა. შემდეგ უკვე მასპინძელთა კარგად გათამაშებული კომბინაცია ვიხილეთ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ლაშა კუკავა, თუმცა ზუგდიდელთა ფორვარდს მეკარემ წამებში დაასწრო და სიტუაციაც განიმუხტა. პირველი ნახევრის ბოლოსკენ დიმიტრი თუთბერიძემ, მარჯვენა ფლანგიდან ჩინებული გარღვევა განახორციელა და დაბოლოება მასაც არაზუსტი გამოუვიდა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დამთავრდა. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელი გუნდი დღევანდელ თამაშს, სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. ტრავმების გამო აღნიშნული მატჩი, გუნდის კაპიტანმა შოთა ლომიამ და შემტევმა, დავით ციცხვაიამ გამოტოვეს, ხოლო ამავე მიზეზით ზუგდიდელთა გუნდს მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, საკმაო ხანს ზურაბ მალანია დააკლდება, რომელმაც წინა ტურში სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.
ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, მეორე ნახევრიდან ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა და შეტევის ხაზი ლევან წურწუმიათი გააძლიერა. მასპინძლებმა მეტოქე მაინც გატეხეს და კარგად გათამაშებული კომბინაცია, გიორგი ციმაკურიძემ 66-ე წუთზე გოლით დააგვირგვინა. ამის შემდეგ სტუმრებსაც კიდევ უფრო გააქტიურება დაეტყოთ, თუმცა ქულის გადარჩენა ვერ შეძლეს. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრებმა სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარემ, მანუჩარ ივარდავამ ითამაშა ზუსტად და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. საბოლოოდ ოდიშელებმა შეხვედრა, ლოგიკურ ფინიშამდე მიიყვანეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
ეროვნული ლიგა 4-ის თეთრ ჯგუფში მოასპარეზე გუნდები, მეექვსე ტურის მატჩებს 5 მაისს გამართავენ. ამ ტურის ერთ-ერთ გამორჩეული შეხვედრა ზესტაფონში იქნება, სადაც მესამე ადგილოსანი „ზესტაფონი“, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს უმასპინძლებს.
ეროვნული ლიგა 4 – თეთრი ჯგუფი, V ტური
„ოდიში 1919“ –„შტურმი“ – 1:0
ზუგდიდი, „განმუხური“-ს სტადიონი, 29 აპრილი
გოლი: გიორგი ციმაკურიძე (66-ე წთ)
„ოდიში 1919“: ივარდავა, აქუბარდია, ციმაკურიძე (ჩაგანავა 69-ე წთ), გოგოხია, რიგვავა, თოლორაია (წურწუმია 46-ე წთ), გაგუა (კაცია 59-ე წთ), ქომეთიანი, დანელია, თუთბერიძე (ცინდელიანი 85-ე წთ), კუკავა (ჩქოფოია 85-ე წთ)
სათადარიგო: მარგველანი, ჯგუნჯგია, სიჭინავა, ნადარაია
მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
„შტურმი“: კვირიკაშვილი, ლაცაბიძე, გ.ბრეგვაძე, აფშინაშვილი (კაპანაძე 59-ე წთ), წაქაძე, ცხოვრებაძე (ციცვიძე 46-ე წთ), გუჯარაიძე, კიკაბიძე, რუხაძე, ჭელიძე, მუშკუდიანი (ბ.ბრეგვაძე 72-ე წთ)
სათადარიგო: აბჟანდაძე, გორგიაშვილი, ს.გვალია, ლ.გვალია
მთ.მწვთნელი: ნიკა კობახიძე
გაფრთხილება: ჭელიძე (17-ე წთ), ციმაკურიძე (61-ე წთ), კაპანაძე (77-ე წთ), რიგვავა (83-ე წთ)
მსაჯი: ზ.ტუღუში

Leave a Reply