„სამეგრელო – ოდიში 1919“ -0:2
#ლომიაგოლითდაბრუნდა

ეროვნული ლიგა 4-ში მოასპარეზე გუნდებმა, დღეს მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს. საფეხბურთო კლუბმა „ოდიში 1919“-მა გასვლითი მატჩი ჩაატარა და ჩხოროწყუს „სამეგრელო“-ს დაუპირისპირდა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მასპინძლებისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ისინი ქვედა საფეხურზე იმყოფებიან, ხოლო სტუმრები მესამე ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან და განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ამ შეხვედრას დიდი ინტერესი ჰქონდა.
პირველ ტაიმში ძირითადად გუნდებმა, ძალა და ენერგია ორთაბრძოლებს შეალიეს, თუმცა რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც იყო. თავდაპირველად ზუგდიდელებს დაწინაურებაც შეეძლოთ და ჯერ, ლაშა კუკავას დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო შემდეგ ლევან წურწუმიამ მცირედით ააცილა. მალევე დიმიტრი თუთბერიძის დრიბლინგი ვიხილეთ, რომელიც კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ დაბოლოება ზუსტი არ აღმოჩნდა.
ამასობაში მასპინძლებმაც, რომლებსაც თამაში მთლიანად კონტრშეტევებზე ჰქონდათ აგებული, ფხიანად შეუტიეს და პირველი სახიფათო დარტყმაც განხორციელდა, თუმცა მეკარე მანუჩარ ივარდავა ზუსტი იყო. ცოტა ხანში კი, მასპინძლებმა სტანდარტულის შესრულების შემდეგ გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ ლევან გაბუნია აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ბურთი არ ჩაითვალა. პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში ორთაბრძოლები გაგრძელდა, თუმცა სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და შეტევები მასპინძელთა კარის მიმართულებით ინტენსიური გახდა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ შეცვლებს მიმართა და ფლანგზე, ახალბედა გიგა გაბეჩავა გაამწესა და შეცვლამაც გაამართლა. ერთ-ერთი იერიშისას მის წინააღმდეგ, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა იუხეშეს, არადა მეკარესთან ერთიერთზე რჩებოდა – არბიტრმა ირაკლი კვირაკაშვილმა პენალტი დანიშნა, რასაც მასპინძლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებული ემოციით მეკარე, ნიკა ჯოხაძე გამოირჩა და სიტყვიერი შეურაცყოფისთვის მას არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი კი უნაკლოდ შოთა ლომიამ შეასრულა და საკთარი გუნდი დააწინაურა. უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (ტრავმის გამო) იგი ზუგდიდელთა რიგებს დაუბრუნდა.
სტუმართა უპირატესობა გოლის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა და და მორიგი შეტევა, დიმიტრი თუთბერიძემ გოლით დააგვირგვინა. საბოლოოდ სტუმრებმა მეტოქე 0:2 დაამარცხეს.
წინა ტურში დასანანი მარცხის მიუხედავად, ამ მოგებით ოდიშელებმა მეორე საფეხურზე გადაინაცვლეს და ლიდერს, ჭიათურის „მაღაროელს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურის შეხვედრას ზუგდიდელები, სწორედ ჭიათურის „მაღაროელი“-ს წინაღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავენ.

ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი – V ტური
„სამეგრელო“ – „ოდიში 1919“ – 0 : 2
ჩხოროწყუ, „ბონდო პაპასკირი“-ს სახელობის სტადიონი – 25 სექტემბერი.
გოლი: შოთა ლომია ( პენ. 74-ე წთ), დიმიტრი თუთბერიძე (85-ე წთ)

„სამეგრელო“: ჯოხაძე, ჩხეტია, ტუღუში, ჩუბინიძე, ნაჭყებია (გეგუჩაძე 80-ე წთ), ცქიფურიშვილი სულაბერიძე, გაბუნია, ნიკოლაძე, ჯანაშია (კვარაცხელია (90+2-ე წთ), გულუა
სათადარიგო შემადგენლობა: შოგირაძე, ბერიშვილი
მთ.მწვრთნელი: დემურ ხაბურზანია

„ოდიში 1919“: ივარდავა, კილასონია, ცინდელიანი, გოგონაია, დიმიტრი თუთბერიძე, დანელია, ქომეთიანი (გაბეჩავა 67-ე წთ), კუკავა (თოლორაია 88-ე წთ), სიჭინავა (ლომია 57-ე წთ), წურწუმია, მალანია

სათადარიგო შემადგენლობა: ჩქვანავა, თურმანიძე, ჭკადუა, გაბედავა

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: სულაბერიძე (35-ე წთ), სიჭინავა (42-ე წთ), ტუღუში (46-ე წთ),

კილასონია (55-ე წთ), ცქიფურიშვილი (90+4-ე წთ)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

Leave a Reply